Thursday, July 13, 2017

„აისის“ საზაფხულო სკოლა - 2017 - „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად!“


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საზაფხულო სკოლების ახალი პროგრამის დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად პროექტი სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ 9 ივლისს გაიხსნა და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კოლეჯი „აისი“ 1500 ბენეფიციარს მიიღებს ათ ნაკადად. თითოეულ ნაკადზე სხვადასხვა  რეგიონის 150 მოსწავლე იქნება ჩართული.



        კოლეჯი „აისი“ მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში და წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. თეორიული სწავლების კორპუსი აღჭურვილია  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კაბინეტ-ლაბორატორიებით, ადაპტირებული სპეციალური შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. პრაქტიკული სწავლების კორპუსში კი განლაგებულია პრაქტიკული მეცადინეობის ბაზები, რომლებიც ასევე აღჭურვილია უახლოესი ტექნოლოგიური დანადგარებით.


             გარდა ამისა, კოლეჯ „აისს“  აქვს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვილი სტუდენტთა პანსიონი, რომელიც გათვლილია 300 სტუდენტსა და 70 სტუმარზე.



ასე, რომ საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ ყველა სახის თანამედროვე ინფრასტრუქტურითაა უზრუნველყოფილი, რაც შესაძლებელს ხდის, ორი თვის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 1500-მდე მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლემ კარგად დაისვენოს და აქტიურად ჩაერთოს სპორტულ, კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში.


 „აისის“ საზაფხულო სკოლა სხვა საზაფხულო ბანაკებისგან განსხვავდება იმით, რომ მოსწავლეები ბანაკის მიერ შემუშავებული პროგრამის გარდა კოლეჯაისისპროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც გაეცნობიან. ეს ხელს შეუწყობს მოზარდების თვითგამორკვევას. კონკრეტული პროფესიებისადმი მათ ადრეულ ასაკშივე ჩამოუყალიბდებათ საკუთრი დამოკიდებულება, სხვადასხვა პროფესიების სიყვარული და მომავალში ადვილად შეძლებენ  არჩევანის გაკეთებას მათთვის სასურველი პროფესიის სასარგებლოდ.

გაგაცნობთ იმ პროფესიების ჩამონათვალს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები კოლეჯაისისპედაგოგებთან და მათ დამხმარე სტუდენტ-ასისტენტებთან ერთად გაეცნობიან ზაფხულის განმავლობაში: მეღვინე, მეღვინეობა-მევენახეობა, მეფუტკრე, ელექტრიკოსი, მზარეული, დურგალი, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი და პრაქტიკოსი ექთანი.



„აისის“ საზაფხულო სკოლის კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივა გახლათ ის, რომ კოლეჯის პროფესიონალ მასწავლებლებთან ერთად მათი წარმატებული სტუდენტებიც არიან ჩართულები, რომლებიც  ეხმარებიან მასწავლებლებს სწავლების პროცესის ასისტირებაში. ამ ინიციატივის მიზანია, სტუდენტ-ასისტენტებისთვის სწავლების პროცესებთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარების განვითარება, რაც ქმნის მათი შემდგომი წარმატებული კარიერის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას.



No comments:

Post a Comment