Wednesday, March 22, 2017

ინტერვიუ კოლეჯ „აისის“დირექტორთან მალხაზ ასლამაზაშვილთან

კოლეჯ „აისის“ დირექტორი მალხაზ ასლამაზაშვილი

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისს“ 2017 წლის 2 მარტიდან ახალი დირექტორი ხელმძღვანელობს, ბატონი მალხაზ ასლამაზაშვილი. იგი ბოლო 19 წლის განმავლობაში დირექტორის მოადგილე გახლდათ ამავე კოლეჯში. გთავაზობთ  ინტერვიუს ბატონ მალხაზთან.

_ბატონო მალხაზ, პირველ რიგში გილოცავთ ახალ თანამდებობას და გთხოვთ, საზოგადოებას წარუდგინოთ საკუთარი თავი.
_ თუ ჩემს მიერ აქ გატარებულ  სტუდენტობის წლებსაც მივამატებთ 27 წელი მაკავშირებს ამ ბრწყინვალე სასწავლებელთან. თავდაპირველად ვიყავი ამ კოლეჯის სტუდენტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ დავბრუნდი, გავაგრძელე მუშაობა მასწავლებლად და ბოლო 19 წელი ვიყავი დირექტორის მოადგილე. ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. იყო ასეთი ლიდერი კოლეჯის დირექტორი, რთული და საპატიო ხვედრია. ვფიქრობ, რომ ჩემი განათლება, ნიჭი და გამოცდილება მაძლევს საფუძველს, კოლეჯს შევუნარჩუნო ლიდერის პოზიცია, დაინტერესებულ მხარეებს სისტემატიურად შევთავაზოთ სიახლეები, ხარისხიანი განათლება და კიდევ უფრო მეტად განვვითარდეთ.

_ უკვე წლებია, რაც კოლეჯ „აისში“ დირექტორის მოადგილის პოზიცია გეკავათ და კარგად იცნობთ კოლეჯის შესაძლებლობებს. თუ შეიძლება, გვესაუბრეთ კოლეჯ „აისის“ ბოლო წლების მიღწევებზე.
_ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. მკვეთრად გაუმჯობესდა კოლეჯის ინფრასტრუქტურა. ამ კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და დონორი ორგანიზაციების მიერ ჩაიდო 2 323 730 ლარის ინვესტიცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დედოფლისწყაროსა და ალვანის განყოფილების შენობებს. სწავლებისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურა. კოლეჯმა გაიარა ავტორიზაცია და ამჟამად ავტორიზებულია 49 პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სწავლების ხარისხის ასამაღლებლად. დამყარდა კონტაქტები ახალ დამსაქმებლებთან.

_ რა მიზნებსა და ამოცანებს ისახავთ სამომავლოდ კოლეჯ „აისში?“
_ ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ ამჟამად მიმდინარეობს ლაგოდეხის განყოფილების რეაბილიტაცია, რომელიც მაისში დასრულდება. იგეგმება კაჭრეთში სასწავლო სახელოსნოებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების ხარისხის ევროპული მოდელის (EFQM) დანერგვისათვის. კოლეჯის სტრატეგიული გეგმის შემუშავებისათვის ასევე ვთანამშრომლობთ გაეროს განვითარების პროგრამასთან .
ჩემი მიზანია, ინოვაციური და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო მეთოდების დანერგვით საქართველოს მოსახლეობა უზრუნველყო ახალი  გამოწვევების შესაბამისი განათლებითეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების ბაზაზე ინოვაციურად მოდიფიცირებული სასწავლო პროგრამის საშუალებით კოლეჯმა აღზრდს საერთაშორისოდ მოაზროვნე, ღირსეულ მოქალაქეებ და თითოეულ სტუდენტში განავითაროს ახალი ათასწლეულის უნარებ, რათა ხელი შეეწყოს მათ კონკურენტუნარიანობას, დასაქმებას,  მსოფლიო საზოგადოებაში ინტეგრირებას და წარმატებით დამკვიდრებას. საგანმანათლებლო სტანდარტების მუდმივი იმპლემენტაციის გზით ჩვენ ხელს შევუწყობ ქვეყანაში უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას.
ჩვენი გზა იქნება  პროფესიონალიზმისაკენ მიმავალი გზა,  სუფთა  აწყმოსა და ნათელი მომავლის გზა. კოლეჯის მენეჯმენტი იამაყებს  თავისი სამართლიანობით, ობიექტურობით, ყურადღებიანობით და რაც მთავარია, სანდოობით. ჩვენ არასოდეს შეგვეშინდება უკან მოხედვის, ჩვენ ისეთ გზას გავივლით, რომელიც ცოდნის ტაძართან მიგვიყვანს!  საზოგადოებრივი კოლეჯი ,,აისი“ თავისი ადამიანური რესურსებით, მოღვაწეობითა და განვითარებით იქნება  მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების!

_ თქვენი, როგორც დირექტორის, პრიორიტეტები რა იქნება და რაიმე სიახლეს თუ გეგმავთ კოლეჯში?
_ მიმაჩნია, რომ პროფესიული განათლების სისტემა  ყველაზე კეთილშობილურია და ამ სისტემის წარმატებისათვის ღირს თავდადება და თავგანწირვა. ამიტომ ყველამ ღირსეული წვლილი უნდა შეიტანოს მისი განვითარებისათვის. ჩემი, როგორც მენეჯერის მთავარი პრიორიტეტები იქნება დაინტერესებული მხარეებისათვის ხარისხიანი განათლების შეთავაზება, თანამშრომელთა და სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება,  კოლეჯის ცნობადობის გაზრდა, სხვა ქვეყნების კოლეჯებთან კონტაქტების დამყარება და მათი გამოცდილების გაზიარება, გაცვლითი პროგრამების განხორციელება, საგანმანათლებლო პროგრამების  შრომის ბაზრის, არსებული და სამომავლო მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა და შესაბამისად პროფესიათა დივერსიფიკაცია.

_ დამსაქმებლებთან და კერძო სექტორთან ურთიერთობის გაღრმავება თუ იქნება თქვენი სამომავლო გეგმის ნაწილი?
_ დამსაქმებლებთან და კერძო სექტორთან ურთიერთობა სტუდენტთა პროფესიული განვითარებისათვის და მათი შემდგომი დასაქმებისათვის მნიშველოვანია. ამ ეტაპისათვის ჩვენ გვყავს 82 დამსაქმებელი. ვფიქრობ, ძალიან მალე ეს ციფრი გაორმაგდება.  დამსაქმებლებთან და კერძო სექტორთან ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა აქტივობებით აუცილებლად გაღრმავდება.

_ რამდენადაც ვიცი, კოლეჯმა გასულ წელს რამდენიმე პროექტში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. ამ მიმართულებით თუ აპირებთ მუშაობის გაგრძელებას?
_ კოლეჯის განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, ამიტომ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.

_ მალე კოლეჯ „აისში“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საგაზაფხულო მიღება დაიწყება. თუ შეიძლება, რამდენიმე სიტყვით გვითხარით როდის დაიწყება აპლიკანტთა რეგისტრაცია და რომელ პროფესიებზე იგეგმება მიღება?
_ აპლიკანტთა რეგისტრაცია დაიწყება 27  მარტს და 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება შემდეგ სპეციალობებზე:
კაჭრეთის განყოფილება:
Ø   ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი (9,5 თვე)
Ø   მევენახეობა-მეღვინეობა (25 თვე)
Ø   მეტყევე (ტყისმჭრელი, ტაქსატორი) (7 თვე)
Ø   მზარეული (6,5 თვე)
Ø   დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი (19 თვე)
Ø   სავალი ნაწილის ტექნიკოსი (9,5 თვე)
Ø   ტრაქტორისტ-მემანქანე (6,5 თვე)
Ø   მემინანქრე (5 თვე)
Ø   მხატვარ-შემსრულებელი (3,5 თვე)
დედოფლისწყაროს განყოფილება:
Ø   ტრაქტორისტ-მემანქანე (6,5 თვე)
Ø   პრაქტიკოსი ექთანი (32 თვე)
Ø   კალატოზი (9,5 თვე)
ალვანის განყოფილება:
Ø   კერამიკული ნაწარმის სპეციალისტი (2,5 თვე)
Ø   თექის ოსტატი (18 თვე)

_ რაიმე სიახლე თუ არის რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინა წლებისგან განსხვავებით?
_ წლევანდელ მიღებაზე აპლიკანტებს საშუალება ექნებათ ონლაინ დარეგისტრირდნენ. ასევე, გამოცდის შემდეგ რანჟირების დოკუმენტის გამოქვეყნებამდე, აპლიკანტებს სურვილისამებრ შეეძლებათ  შეცვალონ არჩეული პროფესია. 

_ რას უსურვებთ თქვენს ახლანდელ და მომავალ სტუდენტებს?
_ ადამიანებისთვის, რომლებიც პროფესიულ განათლებაში შემოდიან, ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩამოუყალიბდეთ მაღალი დონის პროფესიული უნარ-ჩვევები. სწორედ ამას ვუსურვებ ახლანდელ და მომავალ სტუდენტებსაც.  მინდა მათ გაითავისონ, რომ ,,კარიერისაკენ მიმავალი გზა პროფესიონალიზმზე გადის!“
_ დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს.
_ მადლობა.



No comments:

Post a Comment