Friday, March 17, 2017

მზარეულის პროფესიით დასაქმება ყოველთვის რეალური მეჩვენებოდა

რატი ნადირაშვილი
სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“
მზარეულის სპეციალობის კურსდამთავრებული

რატი ნადირაშვილი






















2014 წელს დავამთავრე სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ მზარეულის სპეციალობა .




მზარეულის პროფესიით დასაქმება ყოველთვის რეალური მეჩვენებოდა. ეს ის საქმეა, რისი გაკეთებაც სიამოვნებას მანიჭებს და მიღებული ანაზღაურება მოტივაციას მაძლევს, უფრო კარგად და მეტი ვიმუშაო. დღეს ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში ფუნიკოლიორზე ვმუშაობ და მინდა ვუთხრა ყველას, რომ მონდომება და ძალისხმევა არასროს იკარგება უქმად და ყოველთვის თავის ნაყოფს იძლევა, ისე როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა.

რატი ნადირაშვილი



Wednesday, March 15, 2017

37 წელი პროფესიული განათლების სამსახურში

ნათელა პაპუნაშვილი _ ქალბატონი, რომელიც თითქმის ოთხი ათეული წელია, პირნათლად ემსახურებოდა პროფესიულ განათლებას და აქედან 30 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ კოლეჯაისისდირექტორი გახლდათ! ქალბატონი, რომლის ინიციატივით კოლეჯში უამრავი წარმატებული პროექტი განხორციელდა! ქალბატონი, რომელიც მუდმივად სიახლის ძიებაშია! იგი ტოვებს დირექტორის თანამდებობას, თუმცა არ ტოვებს პროფესიულ განათლებზე ზრუნვას და კონსულტანტის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას კოლეჯ „აისში“.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით კოლეჯ „აისში“ პროფესიულ განათლებაში შეტანილი წვლილისათვის ქალბატონ ნათელა პაპუნაშვილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 



ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები, კოლეჯ „აისის“ მასწავლებლები, თანამშრომლები, დამსაქმებლები, სტუდენტები და წარმატებული კურსდამთავრებულები.


























































   კოლეჯის ახალმა დირექტორმა მალხაზ ასლამაზაშვილმა სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს. მადლობა გადაუხადა მათ მობრძანებისთვის და გულთბილად ისაუბრა ქალბატონ ნათელაზე, რომელმაც ფაქტიურად, მთელი თავისი ცხოვრება პროფესიულ განათლებას მიუძღვნა.




საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა თამარ სამხარაძემ ქალბატონ ნათელას მადლობა გადაუხადა იმ  შრომისა და თავდადებისთვის, რაც მან გასწია პროფესიული განათლების განვითარებაში და  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას სახელით გადასცა მადლობის სიგელი პროფესიული განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და 37 წლის განმავლობაში სისტემის განვითარების მხარდასაჭერად გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისათვის.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთი ნატრიაშვილი, რომელმაც გაიხსენა პირველი შეხვედრა ქალბატონ ნათელასთან და ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც მან განახორციელა კოლეჯ „აისში“ ამერიკელებთან ერთად ქალბატონი ნათელას თანადგომით.
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მამულაშვილმა, რომელიც ამავე დროს კოლეჯ „აისის“ წარმატებული კურსდამთავრებულია, დიდი სითბო და სიყვარული გამოხატა ქალბატონ ნათელას მიმართ. აღნიშნა, რომ მისგან ბევრი რამ ისწავლა. მათ შორის, საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება და სამშობლოსადმი სიყვარული.



კოლეჯის დამსაქმებელმა ნინო ქიტოშვილმა  ისაუბრა ქალბატონ ნათელას დამსახურებაზე და გაიხსენა, რომ მან არა მხოლოდ შემოინახა, არამედ, მთელი სული და გული ჩადო იმ საქმეში, რასაც კოლეჯი „აისი“ ჰქვია.





    სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები: კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, პოეტი ტარიელ ხარხელაური, მსახიობი გუჯა ბურდული, მწერალი დავით შემოქმედელი და მხატვარი ელენე გამგონიძე. მათ ქალბატონ ნათელას მადლობა გადაუხადეს კოლეჯში დახარჯულ ენერგიასა და უანგაროდ გაწეული ღვაწლისთვის. აღნიშნეს, რომ კოლეჯი „აისი“ არის პატარა სამოთხე, სადაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ის ურთიერთობები, რომლებიც დღემდე არსებობს კოლეჯ „აისსა“ და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეებს შორის. რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა დავით შემოქმედელმა ქალბატონ ნათელას რუსთაველის საზოგადოების სახელით გადასცა სიგელი ახალგაზრდობის პროფესიული სწავლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მიენიჭა  ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია.




    სიტყვით გამოვიდნენ კოლეჯის სტუდენტები და თანამშრომლები, რომელთაც დიდი სითბოთი და სიყვარულით გაიხსენეს ქალბატონ ნათელასთან ერთად გატარებული საინტერესო დღეები კოლეჯის ცხოვრებიდან.




     ქალბატონმა ნათელამ ყველას დიდი მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და დაფასებისთვის. კოლეჯ „აისის“ თვითშემოქმედებითმა ანსამბლმა შეასრულა „მრავალჟამიერი“. ღონისძიება გაგრძელდა ხელოვნების სასახლეში, საიდანაც დიდხანს ისმოდა ქართული ხალხური სიმღერები. ეს დღე იყო დიდი მოფერებისა და სიყვარულის დღე.







Friday, June 10, 2016

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FABLAB)


სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ე.წ. „ფაბლაბი“ (FABLAB) გაიხსნა.

ფაბლაბითანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა უახლესი დაზგა-დანადგარებით (3D პრინტერებით, 3D სკანერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით და სხვა დანადგარებით), კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით. მასზე წვდომა აქვთ სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ სტუდენტებს და კოლეჯის თანამშრომლებს. „ფაბლაბის“ ბაზაზე შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება, რომლებიც გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ფაბლაბის მიზანია, იდეების გენერირება, გამოგონებებისა და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც წაახალისებს საქართველოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს.











სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ ინოვაციების ლაბორატორიაში ნებისმიერ სტუდენტს საშუალება ექნება პრაქტიკულ და ბაზარზე ორიენტირებულ ცოდნის მიღებასთან ერთად გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. „ფაბლაბში“ სტუდენტები იმუშავებენ პროექტებზე. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ და განავითარონ პროექტები ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობებისთვის. აქ იქნება უნიკალური სივრცე ნებისმიერი სტუდენტისთვის, რომელსაც საინტერესო იდეის განხორციელების სურვილი ექნება.


Tuesday, March 15, 2016

კოლეჯ „აისში“ განათლების მიღება საუკეთესო საშუალებაა პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის!

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“
ელექტრიკოსის სპეციალობის სტუდენტი
გიორგი ჩოხადარი

ე ვარ გიორგი ჩოხადარი, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ ელექტრიკოსის სპეციალობის სტუდენტი. 


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის  საჯარო სკოლის დასრულებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ გადავწყვიტე პროფესიული განათლების მიღება. მოვისმინე ინფორმაცია საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ შესახებ და წავიკითხე იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომელსაც კოლეჯი ახორციელებდა. ჩემი ყურადღება მიიქცია ელექტრიკოსის სპეციალობამ, რადგან ბავშვობიდან მაინტრესებს ეს სფერო. ბევრი აღარ მიფიქრია და დავრეგისტრირდი კოლეჯ „აისის“ ელექტრიკოსის მესამე საფეხურის სპეციალობაზე, რათა სრულყოფილად შემესწავლა ელექტრონული მოწყობილობებისა და დანადგარების მონტაჟი.


უკვე ხუთი თვეა რაც კოლეჯში ვსწავლობ და ვფიქრობ, რომ ჩემმა მოლოდინმა გაამართლა. ძალიან კარგი, განათლებული და თავისი საქმის  საუკეთესოდ მცოდნე პედაგოგები მასწავლიან. მათმა ცოდნამ და გამოცდილებამ   ჩემს პროფესიულ განვითარებაში დიდი როლი შეასრულა. ბევრი რამ შევისწავლე და უკვე შემიძლია ნებისმიერ ადგილზე გავაკეთო ნებისმიერი ტიპის მონტაჟი.


მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ელექტრობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამავე დროს, მომეხდინა ჩემი ცოდნის დემონსტრირება, რათა ყველას ენახა რამდენი რამის სწავლა შეიძლება პროფესიულ განათლებაში ძალიან მოკლე პერიოდში. ამისათვის გავაკეთე შენობის მინი მაკეტი, სადაც ელექტრომონტაჟის დროს გამოვიყენე   მიმდევრობითი, პარალელური და კომბინირებული შეერთების ელემენტები. ჩემს მიერ მომზადებული შენობის მაკეტი სრულიად შეესაბამება კონსტრუქციულ და დიზაინერულ მოთხოვნებს.


მომავალში ვაპირებ ელექტრიკოსის სპეციალობის შემდგომი საფეხურების გავლას, რათა უფრო გავიღრმავო ცოდნა და გამოცდილება.



15 მარტი, 2016 წელი


Wednesday, January 27, 2016

კოლეჯ „აისში“ პროფესიული განათლების მიღება მომავალი ცხოვრების გზაზე წარმატების საწინდარია!

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“
ფერმერის სპეციალობის სტუდენტი
ლერი გაფრინდაშვილი




მე ვარ ლერი გაფრინდაშვილი. ვსწავლობ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ ფერმერის სპეციალობაზე.

დღესდღეობით, საქართველოს ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობას წამყვანი ადგილი უკავია, მაგრამ აგრარული მიმართულებით არ არიან კვალიფიციური განათლების მქონე  სპეციალისტები, რათა ჩვენი ნაწარმი მსოფლიო ბაზარზე სათანადოდ წარვადგინოთ. მწირია მოსახლეობაში ცოდნა სოფლის მეურნეობის კუთხით ახალ ტექნოლოგიებზე, უნარებსა და შესაძლებლობებზე, რაც გავლენას ახდენს მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე.

ფერმერის სპეციალობა იმიტომ ავირჩიე, რომ იგი გულისხმობს მრავალფეროვან განათლებას და ამ პროფესიის ხარისხიანად დაუფლება  იძლევა გარანტიას გახდე პროფესიონალი და წარმატებული.

მე პირადად, მყავს შესანიშნავი მასწავლებელი, ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტი თამარ ჯაფოშვილი, რომელიც არის ძალიან განათლებული და  მიზანდასახული, რათა გახადოს თავისი სტუდენტი საქმის პროფესიონალი და გაუკვალოს გზა ცხოვრების ასპარეზზე.

პროფესიული განათლების მიღებაში დიდ როლს ასრულებს საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“, რომელსაც ამიერკავკასიაში ყველაზე მრავალფეროვანი ტექნიკა და პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების მრავალრიცხოვანი ჩამონათვალი გააჩნია. მხოლოდ სტუდენტის მონდომებაა  საჭირო, რომ გახდეს თავისი საქმის პროფესიონალი. 

კოლეჯში არის შესანიშნავი გარემო პირობები, რომ სტუდენტს ხელი არ შეეშალოს სწავლაში. ეწყობა მრავალი სახალისო და ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება, რაშიც აქტიურად ვართ ჩართული ყველა პროფესიის სტუდენტი, რაც ანვითარებს ჩვენი კომუნიკაციის უნარს. ეს ყველაფერი მომავალი ცხოვრების გზაზე ჩვენი წარმატების საწინდარია. 


27.01.2016



Thursday, January 21, 2016

ისწავლეთ კოლეჯ „აისში“ და თქვენ მიხვდებით, რა არის პროფესიის სიყვარული!

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ 
კულტურული მემკვიდრეობის გიდის სპეციალობის სტუდენტი
სოფიკო მოდებაძე

    მე ვარ  სოფიკო მოდებაძე და ვსწავლობ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“, კულტურული მემკვიდრეობის გიდის სპეციალობაზე. ჩემი არჩევანით  ძალიან კმაყოფილი ვარ. ასევე აღფრთოვანებული ვარ ამ კოლეჯის სპეციფიკით, რადგან ყველა პროფესიას გააჩნია შესაბამისი პრაქტიკული მეცადინეობის ობიექტი, რაც ხელს უწყობს სტუდენტს, უკეთესად დაეუფლოს საკუთარ პროფესიას.





      კოლეჯ „აისში“ სტუდენტები ვცხოვრობთ საერთო საცხოვრებელში და კვირაში რამდენჯერმე ვაწყობთ საინტერესო შეხვედრებს. ვმართავთ სხვადასხვა სახის პრეზენტაციებს და დისკუსიებს  აქტუალურ თემებზე, ვაწყობთ  პოეზიის საღამოებს და ფილმების ჩვენებას. ასევე, ხშირად ტარდება სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელშიც აქტიურად ვართ ჩართული სტუდენტები. ეს იწვევს ჩვენს დაინტერესებას  და აქტიური სტუდენტური ცხოვრების შესაძლებლობას გვაძლევს.


მე ორ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. ეს იყო საშობაო გამოფენა და საახალწლო კარნავალი, რითაც უზომოდ კმაყოფილი დავრჩი. საშობაო გამოფენაზე გაიმართა პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების ახალი ტექნოლოგიების და სტუდენტების მიერ დამზადებული  ნამუშევრების და შესაძლებლობების გამოფენა-დათვალიერება. სხვადასხვა პროფესიის სტუდენტებმა მოახდინეს საკუთარი პროფესიების უპირატესობის დემონსტრირება და დამთვალიერებელს თვალნათლივ დაანახეს ყველა მათგანის მნიშვნელობა.


ასევე, საინტერესო და სახალისო იყო საახალწლო კარნავალი, რომელიც ზამთრის არდადეგების დასრულების შემდეგ, ძველით ახალ წელს ჩატარდა და ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ მონაწილეობა. ღონისძიების კულმინაცია იყო საშობაო ღვეზელის გაჭრა, რის შემდეგაც წლის პრინცი  და პრინცესა აღმოვაჩინეთ. კარნავალი მშვიდად და ლამაზად დასრულდა სამეჯლისო ცეკვებით.

კოლეჯ „აისში“ ძალიან ბევრი საინტერესო პროფესია ისწავლება, რომლის ჩამონათვალიც შეგიძლიათ ნახოთ კოლეჯის ვებ-გვერდზე: http://collegeaisi.ge/index.php?pg_id=1&kat=12608662048308&lang=1
 მე ყველას ვურჩევ, ისწავლონ კოლეჯ „აისში“ და ძალიან მალე მიხვდებიან, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს!
22.01.2016