Wednesday, March 15, 2017

37 წელი პროფესიული განათლების სამსახურში

ნათელა პაპუნაშვილი _ ქალბატონი, რომელიც თითქმის ოთხი ათეული წელია, პირნათლად ემსახურებოდა პროფესიულ განათლებას და აქედან 30 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ კოლეჯაისისდირექტორი გახლდათ! ქალბატონი, რომლის ინიციატივით კოლეჯში უამრავი წარმატებული პროექტი განხორციელდა! ქალბატონი, რომელიც მუდმივად სიახლის ძიებაშია! იგი ტოვებს დირექტორის თანამდებობას, თუმცა არ ტოვებს პროფესიულ განათლებზე ზრუნვას და კონსულტანტის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას კოლეჯ „აისში“.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით კოლეჯ „აისში“ პროფესიულ განათლებაში შეტანილი წვლილისათვის ქალბატონ ნათელა პაპუნაშვილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 



ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები, კოლეჯ „აისის“ მასწავლებლები, თანამშრომლები, დამსაქმებლები, სტუდენტები და წარმატებული კურსდამთავრებულები.


























































   კოლეჯის ახალმა დირექტორმა მალხაზ ასლამაზაშვილმა სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს. მადლობა გადაუხადა მათ მობრძანებისთვის და გულთბილად ისაუბრა ქალბატონ ნათელაზე, რომელმაც ფაქტიურად, მთელი თავისი ცხოვრება პროფესიულ განათლებას მიუძღვნა.




საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა თამარ სამხარაძემ ქალბატონ ნათელას მადლობა გადაუხადა იმ  შრომისა და თავდადებისთვის, რაც მან გასწია პროფესიული განათლების განვითარებაში და  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას სახელით გადასცა მადლობის სიგელი პროფესიული განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და 37 წლის განმავლობაში სისტემის განვითარების მხარდასაჭერად გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისათვის.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთი ნატრიაშვილი, რომელმაც გაიხსენა პირველი შეხვედრა ქალბატონ ნათელასთან და ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც მან განახორციელა კოლეჯ „აისში“ ამერიკელებთან ერთად ქალბატონი ნათელას თანადგომით.
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მამულაშვილმა, რომელიც ამავე დროს კოლეჯ „აისის“ წარმატებული კურსდამთავრებულია, დიდი სითბო და სიყვარული გამოხატა ქალბატონ ნათელას მიმართ. აღნიშნა, რომ მისგან ბევრი რამ ისწავლა. მათ შორის, საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება და სამშობლოსადმი სიყვარული.



კოლეჯის დამსაქმებელმა ნინო ქიტოშვილმა  ისაუბრა ქალბატონ ნათელას დამსახურებაზე და გაიხსენა, რომ მან არა მხოლოდ შემოინახა, არამედ, მთელი სული და გული ჩადო იმ საქმეში, რასაც კოლეჯი „აისი“ ჰქვია.





    სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები: კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, პოეტი ტარიელ ხარხელაური, მსახიობი გუჯა ბურდული, მწერალი დავით შემოქმედელი და მხატვარი ელენე გამგონიძე. მათ ქალბატონ ნათელას მადლობა გადაუხადეს კოლეჯში დახარჯულ ენერგიასა და უანგაროდ გაწეული ღვაწლისთვის. აღნიშნეს, რომ კოლეჯი „აისი“ არის პატარა სამოთხე, სადაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ის ურთიერთობები, რომლებიც დღემდე არსებობს კოლეჯ „აისსა“ და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეებს შორის. რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა დავით შემოქმედელმა ქალბატონ ნათელას რუსთაველის საზოგადოების სახელით გადასცა სიგელი ახალგაზრდობის პროფესიული სწავლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მიენიჭა  ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია.




    სიტყვით გამოვიდნენ კოლეჯის სტუდენტები და თანამშრომლები, რომელთაც დიდი სითბოთი და სიყვარულით გაიხსენეს ქალბატონ ნათელასთან ერთად გატარებული საინტერესო დღეები კოლეჯის ცხოვრებიდან.




     ქალბატონმა ნათელამ ყველას დიდი მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და დაფასებისთვის. კოლეჯ „აისის“ თვითშემოქმედებითმა ანსამბლმა შეასრულა „მრავალჟამიერი“. ღონისძიება გაგრძელდა ხელოვნების სასახლეში, საიდანაც დიდხანს ისმოდა ქართული ხალხური სიმღერები. ეს დღე იყო დიდი მოფერებისა და სიყვარულის დღე.







No comments:

Post a Comment